- 2023 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთი.
- ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ოდენობის სესხისა და ევროკავშირის 42 მილონზე მეტი ოდენობის გრანტის საშუალებით მხარდაჭერილი შვიდი მონაკვეთიდან ერთ-ერთი.
- აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი არის საქართველოს საგზაო სატრანსპორტო სისტემის ხერხემალი, რომელიც წარმოადგენს გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) და შუა დერეფნის (Middle Corridor) მნიშვნელოვან ნაწილს.
საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთი 2023 წლის 28 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და სამხრეთ კავკასიაში EIB Global-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაჩეი ჩურამ.
ავტომაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთის დასრულება წარმოადგენს პროექტის მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც აძლიერებს სატრანსპორტო კავშირებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საშუალებით. ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხი აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის სხვა მონაკვეთების მოდერნიზებასაც ხმარდება, რაც საქართველოში 150 კმ-ზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზების მშენებლობას უზრუნველყოფს.
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა: „ჩვენ მივესალმებით ამ მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოსთან სატრანსპორტო სექტორში მრავალწლიან თანამშრომლობაში, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს ერთმანეთთან აახლოებს. ევროპის გუნდის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის - საქართველოს საავტომობილო სატრანსპორტო სისტემის ხერხემლის - მოდერნიზების მხარდაჭერა ხელს უწყობს მსოფლიოსთან ქვეყნის კავშირების დამყარებას, ადგილობრივი მობილობის გაძლიერებასა და ეკონომიკურ ზრდას“.
„დღეს ჩვენ საქართველოს სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპის მომსწრენი ვართ. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომელიც დღეს იხსნება, გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ნაწილს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონულ ინტეგრაციას კავშირების შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით. მადლობას ვუხდით ევროპის საინვესტიციო ბანკს ამ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის სამუშაოების დაფინანსებისა და ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის“. - პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ ვზეიმობთ საავტომობილო გზის ახალი 4 ზოლიანი 27 კილომეტრიანი მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვებას, რომელიც მოიცავს 65 ხიდს და 38 გვირაბს. ყველამ ვიცით, რომ საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას. 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კმ მაგისტრალური გზიდან 193 კმ არის ჩვენი მთავრობის მიერ აშენებული და ჩვენი მთავრობის დროს გახსნილი“.
“გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც დღეს გახსნილ 27 კილომეტრიან მონაკვეთს, ასევე რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთს. ეს შეიძლება ჩაითვალოს მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ყველაზე რთულ მონაკვეთებად. აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი კი თავის მხრივ წარმოადგენს საერთაშორისო E60-E70 მაგისტრალის ევროპული საავტომობილო ქსელის აბრეშუმის გზის ნაწილს. ბუნებრივია, აღნიშნული მონაკვეთი, ისევე როგორც ზოგადად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, საერთაშორისო რეგიონულ კონტექსტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომლის გამტარუნარიანობა სამჯერ იზრდება და რაც მთავარია, ყველა ეს სარგებელი მიიღება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.” - ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) საქართველოსთან სატრანსპორტო პროექტებში თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის დაახლოებით 1 მილიარდი ევრო გამოყო. ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხები სრულად არის გარანტირებული ევროკავშირის მიერ და, შესაბამისად, მათი პირობები ქართველი ხალხისთვის ძალიან ხელსაყრელია. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა Global Gateway ფორუმზე გამოაცხადეს 16 მილიონი ევროს ოდენობის ახალი გრანტის შესახებ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მარშრუტებზე უკეთესი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით. ამ გრანტის გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტისთვის ევროკავშირის მიერ გაცემული გრანტების მთლიანი ოდენობა დაახლოებით 42 მილიონ ევროს აღწევს.
დამატებითი ინფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და EIB Global-ის შესახებ
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი. ბანკი, ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს და მხარს უჭერს პროექტებს ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით: ინფრასტრუქტურა, ინოვაცია, კლიმატი და გარემოს დაცვა და მცირე და საშუალო ბიზნესი.
EIB Global არის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის სპეციალიზებული ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს საერთაშორისო პარტნიორობისა და განვითარების დაფინანსების გავლენის გაძლიერებაზე და წარმოადგენს Global Gateway-ის მთავარ პარტნიორს. ჩვენი მიზანია 2027 წლამდე უზრუნველვყოთ 100 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის (ევროკავშირის ამ ინიციატივის სამიზნე მაჩვენებლის დაახლოებით ერთი მესამედის) მხარდაჭერა. ევროპის გუნდის ფარგლებში, EIB Global, მრავალმხრივი განვითარების სხვა ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობს სხვა საფინანსო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძლიერი და მიზანმიმართული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ჩენი ოფისების საშუალებით, EIB Global ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფს ადგილობრივ მოსახლეობასთან, კომპანიებსა და ინსტიტუტებთან აახლოებს.
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოში
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოსთან 2007 წლიდან თანამშრომლობს და ქვეყანას ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ეხმარება. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი დახმარება, რომელიც 2 მილიარდ ევროს აღემატება, განაწილებულია ისეთ დარგებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, მწვანე ენერგეტიკა, წყალმომარაგება და წყალარინება, აგრეთვე მცირე და საშუალო ზომის საწარმოები. ბანკი საქმიანობას ეწევა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP), აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaP) და ევროკავშირის სხვა ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად.