- ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) 70 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გაუადვილებს ადგილობრივ ბიზნესებს დაფინანსებაზე წვდომას მიმზიდველი პირობებით.
- სესხის 40 მილიონი ევრო გამოიყოფა მწვანე დაფინანსებისთვის, ხოლო დარჩენილი 30 მილიონი ევრო მიმართული იქნება ზრდისა და ინოვაციებისკენ.
- სულ მცირე 30% გამოიყოფა გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი და ქალთა გაძლიერების ინიციატივებისთვის.
- სესხს მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების პროგრამა "ფინანსური სისტემების გამწვანება'' კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის (EU) ბანკმა, ხელი მოაწერა 70 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას თიბისი ბანკთან მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) და საშუალო კაპიტალის მქონე კომპანიების მხარდასაჭერად საქართველოში.
სესხის 40 მილიონი ევრო გამოიყოფა მწვანე დაფინანსებისთვის, ხოლო დარჩენილი 30 მილიონი ევრო მიმართული იქნება ზრდისა და ინოვაციებისკენ. სულ მცირე 30% გამოიყოფა გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი და ქალთა გაძლიერების ინიციატივებისთვის, 2X კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს გენდერული ლინზების ინვესტირების საფუძველს.
სესხი გაცემულია ,,EIB გლობალ''-ის მიერ (რომელიც ოპერირებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ) და მოსალოდნელია, რომ სარგებელს მოუტანს 230-ზე მეტ კომპანიას და უზრუნველყოფს 15 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შენარჩუნებას. მას მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული კლიმატის საერთაშორისო ინიციატივა, ტექნიკური დახმარების პროგრამის "ფინანსური სისტემების გამწვანება'' ფარგლებში.
მულტისავალუტო სესხი გააუმჯობესებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გრძელვადიანი დაფინანსების საშუალებით მიმზიდველი პირობებით, შესაძლებლობით, რომ ასეთი დაფინანსება ხელმისაწვდომი გახდეს ადგილობრივ ვალუტაში, რათა დაეხმაროს ბიზნესებს გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკებისგან დაცვაში. იგი ასევე შეინარჩუნებს სამუშაო ადგილების მნიშვნელოვან რაოდენობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას. სესხი ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად აღდგენას ევროკავშირის საფლაგმანო ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს 80 000 მცირე და საშუალო საწარმოს დახმარებას. ოპერაცია წარმოადგენს EIB-ის საკუთარი რისკის წვლილის ნაწილს მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის + (EFSD+) მიზნების მისაღწევად.
EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია ბანკის საქმიანობაზე საქართველოში, აღნიშნა: “ EIB მოხარულია, რომ მხარს უჭერს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს ამ ინოვაციური სესხის მეშვეობით, რომლის შუამავალს წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკი, თიბისი ბანკი. იგი ინოვაციურია, რადგან სესხის მნიშვნელოვანი ნაწილი კონკრეტულად არის გამოყოფილი მწვანე და ინკლუზიური დაფინანსებისთვის, რომელიც ორიენტირებულია გენდერულ თანასწორობაზე. მცირე საწარმოების მხარდაჭერის ვალდებულება, ევროკავშირთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით მწვანე და ინკლუზიურ დაფინანსებაზე ფოკუსირებასთან ერთად, ჰარმონიულად შეესაბამება EIB-ის პრიორიტეტებს.”
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა,“ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის არის ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი საყრდენი მომავალი წლებისთვის. მას დასახული აქვს ამბიციური მიზნები და განსაზღვრავს მნიშვნელოვან საფლაგმანო ინიციატივებს, მათ შორის ჩვენს მხარდაჭერას 80,000 ქართული მცირე და საშუალო საწარმოსთვის. ევროკავშირი მოხარულია, რომ მხარს უჭერს დღევანდელ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც მდგრადი და ინკლუზიური მიდგომაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და სამუშაო ადგილების შექმნის უზრუნველსაყოფად. უფრო ინკლუზიური, უფრო მწვანე ეკონომიკური სექტორი გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარებისა და მდგრადობისთვის. ევროკავშირის ამ პრიორიტეტებზე მუშაობა - უფრო ინკლუზიური, უფრო მწვანე ეკონომიკა - დაეხმარება საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის.”
სს თიბისი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა: “ჩვენ ვამაყობთ, რომ დავამყარეთ ასეთი წარმატებული ურთიერთობა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია გრძელდება. ამ უმნიშვნელოვანესი ტრანზაქციის განხორციელება არის ჩვენს ორგანიზაციებს შორის მტკიცედ დამყარებული, ძლიერი პარტნიორობისა და ჩვენი საერთო ღირებულებების კიდევ ერთი დასტური საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული ტრანზაქცია თიბისის შესაძლებლობას მისცემს გააგრძელოს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, უფრო ხელმისაწვდომი, გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველყოფით, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას და სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, განსაკუთრებული აქცენტი კლიმატთან დაკავშირებულ ინვესტიციებსა და ქალ მეწარმეებზე გააუმჯობესებს ქვეყანაში მდგრად ბიზნეს გარემოს.”
ზოგადი ინფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ,,ესბ გლობალი''-ს შესახებ
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის გრძელვადიანი საკრედიტო ინსტიტუტი, რომელიც ეკუთვნის მის წევრ სახელმწიფოებს. იგი უზრუნველყოფს გრძელვადიან დაფინანსებას ჯანსაღი ინვესტიციებისთვის ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, პროექტების მხარდაჭერას ოთხ პრიორიტეტულ სფეროში: ინფრასტრუქტურა, ინოვაცია, კლიმატი და გარემო და მცირე და საშუალო საწარმოები.
EIB Global არის EIB ჯგუფის სპეციალიზებული ჯგუფი, რომლის მიზანია საერთაშორისო პარტნიორობისა და განვითარების დაფინანსების გავლენის გაზრდა, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის სამ მთავარ პრიორიტეტს: მწვანე შეთანხმება, გლობალური კარიბჭეები, სამუშაო ადგილები და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. ევროპის გუნდის ფარგლებში, EIB Global ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სხვა მრავალმხრივ განვითარების ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით. EIB Global აახლოებს EIB ჯგუფს ადგილობრივ მოსახლეობასთან, კომპანიებთან და ინსტიტუტებთან ჩვენი ოფისების მეშვეობით მთელ მსოფლიოში.
EIB-ის შესახებ საქართველოში
EIB 2007 წლიდან თანამშრომლობს საქართველოსთან ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად. EIB-ის ნაკისრი ვალდებულება აღემატება 2 მილიარდ ევროს და ნაწილდება სხვადასხვა სექტორზე, ინფრასტრუქტურის, მწვანე ენერგიის, წყლისა და ჩამდინარე წყლების, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ჩათვლით. ბანკი ოპერირებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP), აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) და ევროკავშირის სხვა ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად.
EIB არის საქართველოს ფინანსური სექტორის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციური კრედიტორი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად. EIB-ის 400 მილიონ ევროზე მეტი ოპერაციები ქვეყანაში განკუთვნილია მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისთვის, რომელიც ამჟამად მუშაობს შვიდ ფინანსურ შუამავალთან. EIB-მა დაამტკიცა, რომ მზად იყო გაეძლიერებინა ბიზნესის მხარდაჭერა, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო და EIB-მა გაზარდა 160 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება სპეციალური პირობებით, რათა შეემცირებინა COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენა. EIB ასევე ახორციელებს ორნაწილობრივი პორტფელის საგარანტიო პროგრამას საქართველოში, რომლის მიზანია ევროპის საინვესტიციო ფონდთან (EIF) პარტნიორობით, შუამავალ ორგანიზაციებთან შესაბამისი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაკრედიტების რისკის გაზიარება. EIB ჯგუფის პორტფელის გარანტიები მოიცავს 380 მილიონ ევროზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს სესხებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა ტექნიკური დახმარების ხუთი ოპერაცია შუამავალი ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და დაიწყება ახალი თაობის ტექნიკური დახმარების ოპერაციების განხორციელება.
EIB ,,ფინანსური სისტემების გამწვანების'' ტექნიკური დახმარების პროგრამის შესახებ
ტექნიკური დახმარება, რომელიც მხარს უჭერს სესხს, უზრუნველყოფილია EIB ,,ფინანსური სისტემების გამწვანების'' ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის ფონდის (IKI) მიერ გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის მოქმედების ფედერალური სამინისტროს (BMWK) სახელით. პროგრამა არის BMWK-ისა და EIB-ის ერთობლივი ძალისხმევა ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) პარტნიორობის მუშაობაში, კერძოდ, „მზაობის მხარდაჭერა ცენტრალური ბანკების გამწვანების“ ინიციატივაში.